ევროკომისიამ სანქციების მე-8 პაკეტი გაასაჯაროვა - რა წერია დოკუმენტში

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი და ახალი შეზღუდვები გაასაჯაროვა, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა სანქციების დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ მე-8 პაკეტით ნავთობის ფასის ლიმიტზე ევროკავშირის ფარგლებში G7 შეთანხმების იმპლემენტაცია იწყება. რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვასთან ერთად, იმოქმედებს ფასის ლიმიტიც. ეს ევროპელ ოპერატორებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში იმ პირობით, რომ მისი ფასი წინასწარ დადგენილ „ზღვარზე“ დარჩება.

„ეს ხელს შეუწყობს რუსეთის შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებას და ამავდროულად, შეინარჩუნებს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას უწყვეტი მიწოდების გზით. ეს, ასევე, ხელს შეუწყობს ინფლაციის დაძლევას და ენერგიის ხარჯების სტაბილურობას იმ დროს, როცა მაღალი ხარჯები, განსაკუთრებით საწვავის ფასის მატება, დიდ შეშფოთებას იწვევს ყველა ევროპელისთვის,“ - წერია განცხადებაში.

ევროკომისია აცხადებს, რომ ეს ღონისძიება G7-ის პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებულია და ნედლი ნავთობისთვის 5 დეკემბრიდან, ხოლო რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის მომავალი წლის 5 თებერვლიდან შევა ძალაში.

ახალ პაკეტში, თითქმის, 7 მლრდ ევროს ღირებულების იმპორტის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ის მოიცავს, მაგალითად, რუსული ფოლადის მზა და ნახევარფაბრიკატი პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, ასევე, ეხება მანქანებსა და მოწყობილობებს, პლასტმასს, სატრანსპორტო საშალებებს, ტექსტილს, ფეხსაცმლს, ტყავს, კერამიკას, გარკვეულ ქიმიურ პროდუქტებსა და უოქრო სამკაულებს.

ასევე, შემოღებულ იქნა ექსპორტის დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც სამხედრო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე რუსეთის წვდომის შემცირებას ისახავს მიზნად. ეს მოიცავს ქვანახშირის, მათ შორის ქვანახშირის კოქსის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც რუსულ სამრეწველო ქარხნებში გამოიყენება. აიკრძალა, ასევე, რუსულ იარაღში აღმოჩენილი სპეციფიკური ელექტრონული კომპონენტების, საავიაციო სექტორში გამოყენებული ტექნიკური ელემენტებისა და გარკვეული ქიმიკატების ექსპორტი. წამების საწინააღმდეგო რეგულაციის ფარგლებში, მცირე იარაღისა და სხვა საქონლის ექსპორტიც აიკრძალა.

სანქციები დამატებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციაში, უკანონო ანექსიასა და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპორიჟიეს ოკუპირებული ოლქების ფსევდორეფერენდუმებში მონაწილეობდნენ. სანქცირებულთა სიაში, ასევე, შედის ფიზიკური პირები და სუბიექტები, რომლებიც თავდაცვის სექტორში მუშაობენ. ესენი არიან მაღალი რანგის ოფიციალური და სამხედრო პირები, ასევე, კომპანიები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებიან. ამასთან, ევროკავშირმა გაზარდა სამიზნე პირთა რაოდენობა, რომლებიც ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ევროკავშირმა შემაკავებელი ზომების გეოგრაფიული ფარგლები ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებზე გააფართოვა. ეს ზომები მიზნად ისახავს შეზღუდვების დაწესებას მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირების, ოლიგარქების, მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტების წინააღდეგ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელი.

ამასთან, მე-8 პაკეტი ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საწარმოების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებას უკრძალავს. ის, ასევე, კრძალავს ყველა ტრანზაქციას რუსეთის საზღვაო რეესტრთან, რომელიც ტრანზაქციისთვის სანქცირებულ სახელმწიფო საწარმოების სიას დაემატა.

კრიპტოაქტივებზე არსებული სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება, რითიც ყველა საფულის, ანგარიშისა და შენახვის სერვისები აიკრძალა. ეს საფულის ნებისმიერ ოდენობას ეხება, მაშინ, როცა მანამდე საფულის გახსნა 10 000 ევრომდე ოდენობით იყო ნებადართული.

პაკეტი აფართოებს მომსახურების სფეროს, რომელიც რუსეთის მთავრობას ან რუსეთში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს აღარ მიეწოდება. ეს მოიცავს IT და იურიდიულ კონსულტაციას, არქიტექტურასა და საინჟინრო მომსახურებას.

„ეს აკრძალვა პოტენციურად შეასუსტებს რუსეთის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს, რადგან ქვეყანა ამ სერვისების იმპორტზე დიდად არის დამოკიდებული,“ - წერს ევროკომისია.

ევროკავშირმა შეადგინა ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალი, რაც მას საშუალებას მისცემს, სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ევროკომისია მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რაც ფსევდორეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიამ, დამატებითი ჯარების მობილიზაციამ და ბირთვული საფრთხეებით ღია მუქარამ განაპირობა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ