"ჯენერიკები" მნიშვნელოვნად ზრდის წამლებზე ხელმისაწვდომობას

საშუალო სტატისტიკური ქართველის სამომხმარებლო კალათაში ჯანმრთელობის დაცვას, სურსათისა და ტრანსპორტის ხარჯების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი უჭირავს.

რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე გაწეულ ხარჯებში, თავის მხრივ მნიშვნელოვანი წილი აქვს მედიკამენტებს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის წამლებზე.

ბოლო დროს, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ, ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია, მათ შორის გაძვირდა მედიკამენტების ნაწილიც. წამლებზე ფასის ზრდა მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეს ხალხს და დანიშნული მკურნალობის გაგრძელება შეძლონ, საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია, რომელთა გამოწერა ექიმების მიერ, რეცეპტით უნდა მოხდეს.

დავით კილაძე, "ჯიპისის" გენერალური დირექტორი:

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არანაკლებ მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა, ისევე როგორც საკვები პროდუქტები. მეტიც, ზოგჯერ მომხმარებელი უფრო მძაფრად აღიქვამს მედიკამენტებთან დაკავშირებულ პროცესებს, რადგან ეს უშუალოდ მის სიცოცხლეს უკავშირდება. ეკონომიკური კრიზისი არ გვაქვს, მაგრამ მკაფიოდ გამოხატული სავალუტო დევალვაცია იყო რამდენიმე კვირის წინ. ასეთ ფონზე, მოკლე დროში, ფასის ნახტომისებურ ცვლილებას მტკივნეულად აღიქვამს მოსახლეობა. არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილური ვითარება და ფასის ცვლილება არ ავსახოთ მყისიერად. არსებულ ვითარებაში იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ ლართან მიმართებაში დოლარის კურსი უფრო ცვალებადი იყო, ვიდრე ევროს კურსი. ჩვენი კონტრაქტების 60% კი ევროშია გაფორმებული. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად, არ შეგვიცვლია ფასები მედიკამენტებზე. შემდეგ უმნიშვნელოდ გავზარდეთ ფასები და ჯამში ცვლილება შეეხო 350-მდე დასახელების მედიკამენტს (ჯიპისის შემთხვევაში), რომელთა ფასი გასული წლის ნოემბერთან შედარებით 10-12%-ით გაიზარდა. მინდა შეგახსენოთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ნუსხა დაახლოებით 2000 მედიკამენტისგან შედგება და ამ სიის თითქმის 70%-ს უკვე ფარავს ჯენერიკები.

- გასაგებია, რომ ფარმაცევტული ბიზნესიც ბიზნესია და წაგებაზე ვერ იმუშავებს, მაგრამ რეალურად არც კომპანიას აწყობს გაზრდილი ფასის გამო შეუმცირდეს გაყიდვები. საინტერესოა, ამ ვითარებაში რა გამოსავალი შესთავაზეთ თქვენს მომხმარებელს?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. რაც არ უნდა გაძვირდეს მედიკამენტის ფასი, ჯენერიული დასახელების მედიკამენტი ყოველთვის უფრო იაფი იქნება ბრენდულთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, თუ ჯენერიული დასახელებით გამოიწერება მედიკამენტები, ეს გახდება ცხოვრების ნორმა და ამის განხორციელებას მხოლოდ ადამინისტრირება სჭირდება. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება სამედიცინო ხარჯები - ტექნოლოგიის, ანუ დიაგნოსტიკის და პროფესიონალიზმის ზრდის ხარჯზე. აქედან ვერც ერთ ხარჯს ვერ შეამცირებ, რადგან ტექნოლოგია წინ მიდის და ყოველი ახალი ტექნოლოგია უფრო ძვირია, ხოლო პროფესიონალიზმი იზრდება. რჩება ერთი კომპონენტი - მედიკამენტები. მედკამენტებში კი არის ნიშა - ჯენერიკები, რომლის გაიაფება შესაძლებელია, რათა ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. მარტივ მაგალითს გეტყვით. შიდსის მკურნალობა მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც ჯენერიული პრეპარატები გამოუშვეს. ჯენერიული დასახელების მედიკამენტებზე აგებულია მკურნალობის მთელი გაიდლაინები. დღეს მსოფლიოში ყველა დაავადება, გარდა იშვიათი დაავადებებისა, იკურნება ჯენერიული მედიკამენტებით. ჯენერიული მედიკამენტებით მკურნალობის მზა გაიდლაინები არსებობს, მთავარია ამუშავდეს ადმინისტრაციული მექანიზმი და ექიმებმა რეცეპტები ჯენერიული დასახელებით გამოწერონ. ბრენდული დასახელებით გამოწერის შემთხვევაში, იზღუდება, როგორც მომხმარებლის არჩევანი, ასევე წამალზე მისი ხელმისაწვდომობა.

- ყოველთვის, როცა "ჯენერიკებზე" საუბრობენ, მომხმარებლისგან ისმის კითხვა - რა განსხვავებაა ჯენერიკსა და ორიგინალს შორის?

- როგორც კი ბრენდულ მედიკამენტზე იწურება პატენტის ვადა, ბევრი სხვა მწარმოებელი იწყებს ორიგინალის იდენტური "ჯენერიკის" წარმოებას. მთავარია, რომ "ჯენერიკი" ბიოლოგიურად ექვივალენტური იყოს ორიგინალის. როცა წამალს ბიოექვივალენტობის კვლევა გავლილი აქვს, იქ ხარისხზე საუბარი მთავრდება. ჩვენ ჯენერიული მედიკამენტები შემოგვაქვს ამერიკის და ევროპის ბაზრებიდან, სადაც მათ გავლილი აქვთ ხარისხის უმკაცრესი კონტროლი ( FDA Approve; EMEA). მომხმარებელთან უხარისხო მედიკამენტი არ უნდა ხვდებოდეს. "ჯენერიკ" მედიკამენტების ფასი ბრენდულ მედიკამეტებთან შედარებით 20-30%-ით უფრო დაბალია. გარდა ამისა, შესაძლებელია მხოლოდ იმდენი აბის შეძენა, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო და არა მთლიანი შეფუთვის ყიდვა. ეს კი გვიადვილებს ცხოვრებას და ლარის დევალვაციის პირობებშიც კი მომწოდებელს შეგვიძლია შევუკვეთოთ კიდევ უფრო დიდი შეფუთვა, რაც კიდევ უფრო ამცირებს წამლის ფასს. ჯენერიული მედიკამენტების მოხმარებისას მნიშვნელოვნად იზრდება ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და რაც მთავარია, ეს ხელმისაწვდომობა სტაბილურია.

R