ქუჩის გრაფიტიდან მსოფლიოს “ანდერგრაუნდ“ არტისტამდე - ჟან მიშელ ბასკიას ბრენდი, რომელიც მილიონებს გარდაცვალების შემდეგაც გამოიმუშავებს

1978 წელს, მანჰეტენის ქუჩებში ორიგინალური გრაფიტი გამოჩნდა. წარწერების უკან, რომელსაც ფსევდომით - SAMO ასრულებდნენ, ორი არტისტის კოლაბორაცია იდგა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჟან-მიშელ ბასკია.

ახალგაზრდა ქუჩის “ანდერგრაუნდ“ ხელოვანი, რომელიც მალე მე-20 საუკუნის გენიად შეირაცხებოდა...

ცნობილი გახდა, რომ მაყურებელი ამერიკელი მხატვრის, ჟან მიშელ ბასკიას შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს Samo Lives ნახავს. საინტერესოა, როგორ შეძლო უცნაურმა ბიჭმა, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მილიონების გამომუშავება და მისი სახელის მსოფლიო ბრენდად ქცევა, რომლის შემოქმედებას დღეს სკოლაშიც კი სწავლობენ.

jyt5edx-ki76oylopp-1665148590.jpg

ჟან-მიშელ ბასკია 1960 წლის 22 დეკემბერს, ბრუკლინში დაიბადა. მამა - ჟერარდ ბასკია ჰაიტიდან იყო, დედა-მატილდა ბასკია კი წარმოშობით პუერტო-რიკოდან. ოჯახში 4 და-ძმა იზრდებოდა.

ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჟან მიშელ ბასკიას პატარა ასაკიდანვე ჩაუნერგა. ის უამრავ მუზეუმში დაჰყავდა, მალევე ჩაირიცხა ხელოვნების მუზეუმის უმცროს წევრად. ბასკიამ წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა. დედამისი შვილის მხატვრულ ნიჭს ამხნევებდა.

შვიდი წლის ასაკში მისი მშობლები განქორწინდნენ. დედამისს რამდენჯერმე მწვავე მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზის შეტევები ჰქონდა. ამის გამო აუცილებელი გახდა მისგან ბავშვების გარიდება.

ჟან მიშელი და მისი ორი და - ჯენინი და ლისანი მამასთან გაიზარდნენ. თუმცა ჟერარდი გალოთდა და ძალადობისაკენ გაუჩნდა მიდრეკილება. ამან ჟან მიშელის ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. 15 წლის ასაკში ბასკია სახლიდან გაიქცა.

17 წლის ასაკში, ბასკიამ და ალ დიაზმა დაიწყეს გრაფიტის ხატვა მანჰეტენის შენობებზე.

1967 წელს მან დაიწყო ხელოვნებაზე ორიენტირებულ კერძო სენტ-ენის სკოლაში სწავლა. სწორედ იქ შევხდა მომავალი ხელოვანი თავის მეგობარს მარკ პროცოს.

yhuj7ik56kl7op-1665148616.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ბასკიამ სახელი სწორედ გრაფიტით გაითქვა, მისი ფასეული შემოქმედება 80-იანი წლებით თარიღდება.

მისი პირველი საჯარო ნამუშევარი მეგობარ ალ დიასთან- SAMO-ს (Same Old Shit) დაფუძნების შემდეგ გამოჩნდა, რამაც ნიუ-იორკის ქუჩები მოიცვა. კედლებზე წერდნენ და ავრცელებდნენ პოეტურ გზავნილებს.

“იმ მომენტში მინდოდა გალერეებსა და იქ გამოფენილ ნამუშევრებზე მიმეტანა იერიში… როდესაც მე ვიწყებდი, ხელოვნებაში კონცეპტუალიზმი და მინიმალიზმი დომინირებდა, რაც ჩემთვისაც და ალბათ, საზოგადოებისთვისაც დამაბნეველი იყო. თითქოს ამ მიმართულებამ ხალხი და ხელოვნება ერთმანეთს დააშორა და უცხოები გახადა”, - ამბობდა ახალგაზრდა ხელოვანი.

1980 წლის ივნისში ბასკიამ მონაწილეობა მიიღო “ტაიმს სკვერის შოუში”, სწორედ აქედან დაიწყო ბასკიას აღორძინების ეპოქა.

1981 წელს პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი რენე რიჩარდი ჟურნალ არტფორუმში აქვეყნებს სტატიას “გაბრწყინებული ბავშვი”, რომელმაც ხელი შეუწყო ბასკიას საერთაშორისო კარიერას.

1982 წელს, გალერისტმა ანინა ნოსეიმ ბასკიას გალერეაში დასახლება და მუშაობა შესთავაზა. სწორედ იქ შექმნა ჟანმა ბევრი დიდებული ნახატი. ნიუ-იორკის გამოფენებს ექსპოზიციები მოჰყვა ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ცნობილ გალერეაში.

frtyews5tujri-1665148637.jpg

ეს იყო ავტობიოგრაფიული ნამუშევრები. მხატვრის თითქმის ყველა პერსონაჟს ავტორთან გარეგნული მსგავსება და სიმბოლური კავშირი აქვს. ამ დროს ბასკია უამრავ ფულს ხარჯავდა ძვირად ღირებულ ნივთებზე, ტანსაცმელზე და გართობაზე.

სწორედ კარიერულ მწვერვალზე ყოფნის დროს, როდესაც ყველა ფინანსური საზრუნავი მოხსნილი ჰქონდა, ჟან-მიშელი 1988 წლის 12 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება იყო.

გვირგვინი, რომელიც ასე ხშირად გვხვდება მის ნამუშევრებში, მისი გმირების: შავკანიანი სპორტსმენების, მწერლების, მუსიკოსების და თავად არტისტის დიდებულებაზე მიანიშნებს. იგი ყოველთვის მოხიბლული იყო აფრო-ამერიკული ისტორიით, რომლის იდეებსაც თავის შემოქმედებაში რასიზმთან ბრძოლასთან გამოხატავდა.

2002 წლამდე ბასკიას ნამუშევრებზე მაქსიმალური ფასი - 3, 302 500 დოლარი იყო. 2002 წლის 14 მაისს «Profit I» გამოიფინა აუქციონზე, სადაც - 5,509,500 დოლარად გაიყიდა.

ბასკიას ნახატები დღემდე რეკორდულ ფასად იყიდება. მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცობილი ნამუშვარი – 1982 წელს შესრულებული უსათაურო ნახატი, 2017 წელს სოთბის აუქციონზე, 110.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

თეონა რამაზაშვილი