2021 წლის მედიანური ხელფასი საშუალოზე 31%-ით ნაკლებია და 900 ლარს შეადგენს - საქსტატი

2021 წლის მედიანური ხელფასი საშუალოზე 31%-ით ნაკლებია და 900 ლარს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა. 2021 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, საშუალო თვიური ხელფასი 2021 წელს 1 304.5 ლარი იყო.

310687930-880678339486375-8953552557801445919-n-1665387971.jpg

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1298 ლარი;
  • მშენებლობა - 1 276 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები.

შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია.

შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების - 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი - 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.

იხილეთ ასევე: ქვეყანაში საშუალო ხელფასმა გასულ წელს 1 304.5 ლარი შეადგინა

თაია არდოტელი