ფესტივალ „ღვინის დღეებში“ ფერმერთა ასოციაციის გუდის ყველისა და ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ

ფესტივალმა „ღვინის დღეები“ საქართველოში სტარტი თელავიდან აიღო - ფესტივალზე, ერეკლე მეფის სასახლის ეზოს ტერიტორიაზე ფერმერთა ასოციაციის ღვინისა და გუდის ყველის წარმოებული ფერმერები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტები ადგილზე დაეგემოვნებინათ და წარმოების დეტალებს გაცნობოდნენ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ფერმერები „ღვინის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ.

„ღვინის ფესტივალზე ტრადიციული ყველი - გუდის ყველი ფერმერთა ასოციაციის ოცმა წევრმა წარმოადგინა. ჩვენი ფერმერები „ღვინის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ. მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასთან ერთად, უფრო ეფექტურად წარმოაჩინონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია“, - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.