ეკონომიკის მინისტრი - „ბლუმბერგ მედიის“ კვლევით, საქართველო 100-მდე ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე გავიდა, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება

საქართველოს ვიცე - პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ბლუმბერგ მედიის“ კვლევის მიხედვით, საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვით, ასამდე ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე გავიდა.

მინისტრის თქმით, 400-ზე მეტმა კომპანიამ დააფიქსირა, რომ საქართველოში მომავალი სამი წლის განმავლობაში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

„საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასთან დაკავშირებით „ბლუმბერგ მედიამ“ მნიშვნელოვანი კვლევა გააკეთა. საქართველო ასამდე ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე გავიდა, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევაში 3 500-ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი მონაწილეობდა და თან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი ქვეყნები, წამყვანი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ბევრი პარამეტრი შეფასდა, მათ შორის, მაკრო მდგომარეობა, მუშა-ხელის კვალიფიკაცია. ბევრი ფაქტორის და პარამეტრის გათვალისწინებით, საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობაა. 400-ზე მეტი კომპანია აფიქსირებს იმას, რომ საქართველოში მომავალი სამი წლის განმავლობაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებს, რაც ძალიან პოზიციური ინფორმაციაა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.