IDFI - ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა

ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ კვლევაში „განათლების სექტორის მიმოხილვა, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება“.

IDFI-ის ცნობით, ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა გამოავლინა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის გამოწვევაა ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი, სკოლის მიტოვება და დასაქმების პრობლემები. ხოლო სსსმ პირებისთვის გამოწვევაა სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და რესურსების ნაკლებობა.

მათივე ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს (207 მთელი საქართველოს მასშტაბით). კვლევის მიხედვით, საქართველოში 54 325 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა, რაც მოსწავლეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენს. არაქართულენოვან მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანულენოვანია, 27% - რუსული, ხოლო 25% კი სომხურენოვანია.

„კვლევის ძირითადი მიგნებების სრული ჩამონათვალი:

- 2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებაზე და პროფესიულ მომზადებაზე დანახარჯები დაახლ. 2.2 მლრდ. ლარია, რაც მშპ-ს 3.6%-ს შეადგენს. აქედან ინკლუზიურ განათლებაზე მხოლოდ 1.2% დაიხარჯა.

- საქართველო ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი (6.3%), სომეხი (4.5%) და რუსი (0.7%) ეროვნების წარმომადგენლები.

- 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს (207 მთელი საქართველოს მასშტაბით).

- საქართველოში 54 325 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა, რაც მოსწავლეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენს. არაქართულენოვან მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანულენოვანია, 27% - რუსული, ხოლო 25% კი სომხურენოვანია.

- სპეციალურ მასწავლებლებზე მოთხოვნა გაზრდილია. ყოველწლიურად იზრდება საჯარო სკოლებში იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ. 2021 წელს, სსსმ მოსწავლეების რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 21-ჯერ აღემატება.

- პროფესიულ განათლებაზე წვდომა ეთნიკური უმცირესობებისთვის გაიზარდა. აღნიშნულს ხელი შეუწყო გადაწყვეტილებამ, რომ მსურველებს შეუძლიათ პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად პროფესიული ტესტირება ჩააბარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე. 2021 წელს, არაქართულენოვანი ტესტირების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 250 აპლიკანტი ჩაირიცხა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 17-ჯერ აღემატება.

- პროფესიულ სასწავლებლებში სსსმ პირების რაოდენობა 2016 წლამდე იზრდებოდა, შემდეგ კი ტენდენცია შეიცვალა. 2020 წელს, სსსმ სტუდენტების რაოდენობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა (164 სსსმ სტუდენტი), რაც COVID-19 პანდემიის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს.

- სსსმ პირების წილი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შორის ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული სტუდენტების 37%-მა შეიჩერა სტატუსი. მათგან 2.5% სსსმ სტუდენტებზე მოდის, რაც ბოლო ცხრა წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

- ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს განათლებაზე წვდომა გაზრდილია. მოქმედებს „1+4“ პროგრამა, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

- ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პანდემიამ აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა. პანდემიამდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელების რაოდენობა ნელი ტემპებით იზრდებოდა, თუმცა COVID-19 პანდემიამ მსურველთა მკვეთრი შემცირება გამოიწვია 2,059-მდე (-42%, წ.წ.).

- ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა. საქართველოში 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, 2021 წლისთვის მასწავლებელთა მხოლოდ 27%-ია გადამზადებული“, - ნათქვამია კვლევაში.