პრეზიდენტი - მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ  დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს

ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის - მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის კუთხით ხდება, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია.

„არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში - ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის და რუმინეთისთვის. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით, უკრაინის 30 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

„მთავარი იარაღი ამ აგრესიის წინააღმდეგ არის სოლიდარობა და მე მინდა, უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა გამოვაცხადო. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმე არის მათი მდგომარეობა და საქართველო ყოველთვის მზად იყო და არის, რომ ეს სოლიდარობა გამოიჩინოს. ჩვენთან დაახლოებით, 30 ათასი უკრაინელია, რომელიც დროებით, ან დიდი ხნით საცხოვრებლად გადმოვიდა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ, რომ მშვიდობიანად იყვნენ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ.

მივესალმებით ასევე ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მთელი ევროპის და მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.