„უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და უარესისთვის ვემზადოთ“ - რას შეცვლის რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტზე კვოტის მოხსნა

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული კვოტის მოსახსნელად მზადაა. კვოტის მოხსნა კი ქვეყანაში ჭარბი მოსავლითაა განპირობებული.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზრებზე დიდად სიტუაციას ვერ შეცვლის. მისივე თქმით, ფასები ახლა პოლიტიკურ სიტუაციასა და იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ომის სიმძაფრე უკრაინაში.

„კვოტირება აღარ სურს რუსეთს, რადგან ჭარბი მოსავალი აქვთ, თუმცა კვლავ ძალაში რჩება მცურავი ბაჟი. ანუ, ჩვენთვის მოცემულობა დიდად არ იცვლება.

დღეს, სიტუაცია ისეთია, რომ პოლიტიკური მდგენელი ძალიან მაღალია. ბირჟებზე ფასებმა მოიმატა. როგორც კი უკრაინის დაბომბვა დაიწყო, ბირჟებზე ხორბლის ფასი 5%-ით გაიზარდა. ამას წინ უძღვოდა ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება და ამ ყველაფერმა პოზიტიურ ტრენდს დაღი დაასვა. რუსეთში, დღეს სიტუაცია ასეთია, დიდია მოსავალი, მაგრამ ფერმერებისთვის თვითღირებულებაც მაღალია, რადგან ომმა გაზარდა ფასები საწვავზე და სხვა მდგენელებზე.

ის რომ, დღემდე სიტუაცია უკეთესი იყო რუსეთის ჭარბი მოსავლის, მსოფლიო ბაზრებზე სტაბილური საფასო პოლიტიკის და მცურავი ბაჟის შემცირების გამო, ეჭვქვეშ დგება. ახლა არსებობს ხორბლის მარაგები, რომლითაც მომდევნო ორ თვეს გადავივლით, შემდეგ კი პროგნოზები გვიჭირს. იმიტომ, რომ უკრაინის დერეფანსაც გასდის 6-თვიანი ვადა, რომელიც რუსეთ-უკრაინა-გაერო და თურქეთს შორის დაიდო. ახლა ამ მხრივ დიდი გაურკვევლობაა, დაბლოკავს თუ არა რუსეთი ამ დერეფანს.

დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება აშშ-ს ბალანსის სტატისტიკა ხორბლის და მარცვლეულის ნაწილში და იმის მიხედვით განისაზღვრება ბევრი პარამეტრი, მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლება სიტუაცია გართულდეს პოლიტიკური ვითარების კვალდაკვალ. ყველა შემთხვევაში უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და უარესისთვის ვემზადოთ“ - განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, საექსპორტო კვოტა გამოითვლება მარცვლეულის ბალანსზე და ნაწილდება ისტორიული პრინციპით. საექსპორტო კვოტის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ქვეყნდება. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს (რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა) კვოტამ 11 მილიონი ტონა შეადგინა, მათ შორის იყო 8 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც 206 კომპანიას შორის განაწილდა.

იხილეთ ასევე: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა მოხსნას

თამარ მუკბანიანი