GDS TV -მ საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა

GDS TV საერთო ლიცენზიის მფლობელი გახდა და საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, "ჯი-დი-ეს თი-ვის" ლიცენზიის მოდიფიცირების გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

კომპანიამ თავისი კუთვნილი სპეციალიზებული ("გასართობი") ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიას 2014 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა GDS-მა საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკური მიზეზების გამო 2015 წლის თებერვლამდე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას ვერ უზრუნველყოფდა, რის გამოც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება მოითხოვა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შეჩერებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე GDS-მა ახალი განცხადება 4 მარტს წარმოადგინა, რის საფუძველზეც №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული ("გასართობი") ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება განხორციელდა.