„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მარიკა არევაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პარლამენტის ყველა წევრს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მარიკა არევაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. დაზარალებულებმა საქართველოს პარლამენტს დღეს წერილით მიმართეს, რომელსაც ხელს 40 დაზარალებული აწერს.

„ჩვენ, სავაჭრო სახლ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები, მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის პოსტზე უფლებადამცველ მარიკა არევაძის კანდიდატურას და მოვუწოდებთ პარლამენტში არსებულ უკლებლივ ყველა სუბიექტს მხარი დაუჭირონ მარიკა არევაძის კანდიდატურას, რათა ის არჩეულ იქნას საქართველოს სახალხო დამცველად“, - ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების უფლებებს მარიკა არევაძე 2017 წლიდან იცავს. სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.