საქართველო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ევროპული ალიანსის წევრი გახდა

2022 წელს პროფესიული უნარების სააგენტომ საქართველოს სახელით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ევროპული ალიანსის წევრობის განაცხადი მოამზადა, რომლის საფუძველზეც ალიანსის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, განაცხადში სამუშაოზე დაფუძნებული, მათ შორის დუალური სწავლების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები და სამომავლო ნაბიჯები იყო წარმოდგენილი.

„სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ევროპული ალიანსი (European Alliance for Apprenticeship) აერთიანებს მთავრობებს, ბიზნეს-გაერთიანებებსა და ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს, რათა გაძლიერდეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხი, მიწოდება და საერთო იმიჯი ევროპის მასშტაბით, ასევე ხელი შეუწყოს სტუდენტების საერთაშორისო მობილობას.

სერბეთში, ბელგრადში ევროკომისიისა (European Commission) და ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ ორგანიზებულ სემინარზე - “სემინარი სდს ევროპული ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისთვის” საქართველო ოფიციალურად იყო წარდგენილი ალიანსის წევრად, მოლდოვასა და ისრაელთან ერთად.

სემინარის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელზეც განხილული იყო დიგიტალიზაცია და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმის წევრობა ხელს შეუწყობს სამუშაოზე დაფუძნებული, მათ შორის დუალური სწავლების მიწოდების, ხარისხისა და მიმზიდველობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას პროფესიული განათლების სფეროში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ვეფხვაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია გვირჯიშვილმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.