ოთარ დანელია შიდა ქართლში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შიდა ქართლის რეგიონში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელია შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ რუსიშვილთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ დიცში დაესწრო.  უწყების ინფორმაციით, 2015 წლის მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით დაგეგმილია 15 000 ჰექტრამდე მიწის ფართობის დამუშავება. დღეის მდგომარეობით, დამუშავებულია 4 644 ჰექტარი. ხვნის სამუშაოები 18 კონფლიქტისპირა სოფელში (კოდისწყარო, ლამისყანა, სამთავისი, ქვ. ჭალა, ახალუბანი, დიცი, ზეღდულეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, ნიქოზი, ტირძნისი, ტყვიავი, შავშვები, ავლევი, ბრეძნა, დვანი, დირბი, ფცა) მიმდინარეობს.

აღნიშნულ სოფლებში დამუშავდება 5165 ჰა-მდე ფართობი. ამ ეტაპზე უკვე მოხნულია 1955 ჰა. მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართულია კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები 19207 ფერმერი, აქედან ხვნის ბარათი მიიღო 14014 ბენეფიციარმა, ხოლო აგრობარათი 5193 ფერმერმა.

მინისტრმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ის ობიექტებიც დაათვალიერა, რომელთა დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ოთარ დანელიამ სოფელ ძევერაში შპს ,,ივერიას" ინტენსიური ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 290 000 დოლარის სესხი აიღო. ბაღში 12,5 ჰექტარზე გააშენებულია ვაშლის 17 ათასი ნერგი, 2 ჰექტარზე - ქლიავის 2 ათასი ნერგი. დამონტაჟებულია თანამედროვე სარწყავი სისტემაც. მეურნეობის ტერიტორიაზე დაწყებულია ხილის შესანახი მაცივრის მონტაჟი. ჯამში კომპანიამ 500 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ოთარ დანელია სოფელ კარალეთში გაშენებულ ხეხილის ინტენსიურ ბაღშიც იმყოფებოდა. შპს ,,ჯეოფრუტმა" შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 138 ათასი დოლარი სესხი აიღო. ბაღში 7 ჰა-ზე გაშენებულია 20 ათასი ძირი ევროპული ჯიშის ვაშლი. დამონტაჟებულია თანამედროვე სარწყავი სისტემაც. განხორციელებული ინვესტიცია ჯამში 200 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აგარის შაქრის კომბინატშიც იმყოფებოდნენ და საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ოთარ დანელია, გორში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო. ცენტრი საშუალებას მისცემს რეგიონის ფერმერებს, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და თანამედროვე სარწყავი სისტემები. ცენტრის სპეციალისტები ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაშიც დაეხმარებიან.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ოთარ დანელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელმა რეგიონში დარგის განვითარების პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები - გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი, ასევე შპს ,,მექანიზატორის" დირექტორი ზვიად ჩხაიძე გაეცნენ.