,,ვიმედოვნებთ, რომ აუდიტის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება" - აუდიტის სამსახური რკინიგზის საქმიანობას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რკინიგზის საქმიანობას სწავლობს. ამის შესახებ, გენერალურმა აუდიტორმა, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ცოტნე ყავლაშვილმა, რომელიც 1 თვეზე ნაკლებია, რაც მთავარ აუდიტორად დაინიშნა, თქვა, რომ იმედოვნებს აუდიტის პროცესის წლის ბოლომდე დასრულებას.

“გამოვაქვეყნეთ რკინიგზის შესყიდვების სისტემის შესაბამისობის აუდიტი, რაც შეეხება მთლიანად რკინიგზის აუდიტს, ის ახლა მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ აუდიტის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს რკინიგზის კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა. მანამდე, საქართველოს რკინიგზა ბოლო რამდენიმე წელი წამგებიანი კომპანია იყო.

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი არის BB.

თამარ მუკბანიანი