ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაიყიდა

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც პრესის სახლის ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და უძრავი ქონება 154 ბიჯით, 3 145 000 ლარად ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, უძრავი ქონება აუქციონზე განმეორებით იყო გამოტანილი და მის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 605 000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ობიექტი ბოლოს მიმდინარე წლის აგვისტოშიც იყო გამოტანილი, თუმცა აუქციონი არ შედგა. ლოტის საპრივატიზებო ღირებულება 2 407 500 ლარს შეადგენდა.

სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 219 622 980 მლნ ლარი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლების პრივატიზების მონაცემებს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.