ირაკლი ბერაია - ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის დაწესებული სანქციები უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რიტორიკის „მანიფესტაცია და კულმინაციაა“.

როგორც ბერაიამ განაცხადა, „უკრაინაში და დედამიწის ზურგზე, ვინც არ უნდა მოინდომოს, საქართველო „მეორე ფრონტს“ არ გახსნის“.

„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ყველა თვალსაზრისით ვეხმარებით როგორც პოლიტიკურ განზომილებაში, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ბოლო ნაბიჯი, რაც ვიხილეთ, არის მანიფესტაცია და კულმინაცია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმ რიტორიკისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ასევე, რეგიონში სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების დაცვა. რეგიონში ნებისმიერი სახის ესკალაცია საქართველოს წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე პარტნიორების ინტერესებს. შესაბამისად, ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლიანი სუბიექტი. უკრაინაში და დედამიწის ზურგზე, ვინც არ უნდა მოინდომოს, საქართველო “მეორე ფრონტს” არ გახსნის და ომში არ ჩაერთვება და ამისთვის ბოდიშსაც არავის არ მოუხდის. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნების მინიშნებები ან ღია ნარატივი, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ უკრაინა არის მძიმე დღეში, ომის პირობებში, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, ერთმანეთთან დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავზომოთ ის ნაბიჯები, ვის ვისთვის აქვს უფრო მეტი ზიანი მიყენებული, უფრო მეტი პრობლემები შექმნილი და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.