ადვოკატის განცხადებით, ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეზე არავითარ “ფულის გათეთრებას” და თაღლითობას ადგილი არ აქვს

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე არავითარ “ფულის გათეთრებას” და თაღლითობას არ აქვს ადგილი და თუ ეს ქართულ სასამართლოებში არ დამტკიცდება, სიმართლე სტრასბურგის სასამართლოში დადგინდება. ამის შესახებ კორძაძემ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, სადაც მან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ზვიად კორძაძის თქმით, მან სასამართლოს დეტალურად აუხსნა იმ განაჩენის არაკანონიერება, რომელიც დგას თაღლითობასთან დაკავშირებით, რომ არავითარი თაღლითობის ეპიზოდი არ შეიძლება იყოს საქმეში, ასევე ისაუბრა საქმის ხანდაზმულობაზე.

„სასამართლოს ხანდაზმულ სიტუაციაზე წარვუდგინე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ხანდაზმულ საქმეზე არ შეიძლება. ესეც საქართველოდან გასული ერთ-ერთი საქმეა. ამავდროულად ვისაუბრეთ პროკურატურის საჩივარზე, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ისევ გადაკვალიფიცირდეს ე.წ.ფულის გათეთრებაზე და კიდევ ერთხელ წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები. მე უკვე რამდენიმე წელია ამ საქმეზე ვამბობდი და ვამბობ, რომ არავითარი “ფულის გათეთრება” არ იყო ამ საქმეზე და ეს გაიზიარა სასამართლომ და ახლა, ვამტკიცებ, რომ არავითარ თაღლითობას და არავითარ დანაშაულს არ აქვს ადგილი. არ მოხდება ამის დამტკიცება ქართულ სასამართლოებში? მოხდება სტარსბურგში, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. მირჩევნია, რომ ეს მოხდეს აქვე, რომელიმე ინსტაციის სასამართლოში რომ ეს არ გავიდეს ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

რაც შეეხება ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის დაცვის პოზიციას, როგორც ადვოკატმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით თავად ისარგებლებს, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს იმას, რომ საქმესთან მიმართებით ავთანდილ წერეთელი არაფერ შუაშია, მას ეს სასამართლო სხდომა არ ეხება, რადგან მას ნამდვილად არაფერი ჩაუდენია.

„კვლავ დავადასტურებთ, რომ ავთანდილ წერეთელი არაფერ შუაშია, რისთვის დაჰყავთ ამ სხდომაზე? ის სადაო საკითხები მასთან შემხებლობაში არ არის. ადამიანმა, მისმა კომპანიებმა გასცა მომგებიანი კრედიტი და მიიღო შემოსავალი. ეს არის მთელი ისტორია”, - აცხადებს კახა წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.