სანქცირებული რუსი ბიზნესმენები დაპატიმრებული იახტების შენახვის ხარჯებს თავად იხდიან

ზოგიერთი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი საფრანგეთისა და ესპანეთის პორტებში დაპატიმრებული იახტების შენახვის ხარჯს იხდის. ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ესპანეთში რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული ექვსი იახტა დააპატიმრეს. სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, მათი მფლობელების უმეტესობა ტექნიკური მომსახურების, ეკიპაჟისა და იახტის დაზღვევის თანხას იხდის. როგორც წესი, სანქცირებულ პირებს ევროკავშირში ფინანსური ტრანზაქციები ეკრძალებათ, თუმცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ Reuters-ს განუმარტა, რომ 2014 წლის კანონი დაბლოკილი აქტივების შესანარჩუნებლად საჭირო გადახდების განხორციელების საშუალებას იძლევა.

პორტის ოპერატორმა კომპანია Ocibar-მა სააგენტოს დაუდასტურა, რომ ტარაგონასა და მაიორკაში დაპატიმრებული იახტების, Crescent-ისა და Lady Anastasia-ს მფლობელები სხვა ხარჯებს შორის პარკინგის, კომუნალურ და მთავარი ეკიპაჟის შენახვის თანხებს იხდიან. ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, Crescent „როსნეფტის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ედუარდ ხუდაინატოვს, ხოლო Lady Anastasia კომპანია Homeland Shipping Limited-ს ეკუთვნის, რომელსაც „როსობორონექსპორტის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ მიხეევი აკონტროლებს.

რაც შეეხება საფრანგეთს, Reuters-ის ცნობით, ქვეყანაში ხუთი რუსული იახტა არის დაპატიმრებული. Alfa Bank-ის სანქცირებული აქციონერის, ალექსეი კუზმიჩოვის ადვოკატმა სააგენტოს განუცხადა, რომ ბიზნესმენი თავისი ორი გაყინული იახტის შენახვის ხარჯებს ევროკავშირის 2014 წლის კანონის შესაბამისად იხდიდა.

Reuters-ს ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს, ასევე, ორი გაყინული იახტის წარმომადგენლებმა და იურისტებმა განუმარტეს, რომ მართალია, გემები საფრანგეთსა და ესპანეთში გაყინულია, მაგრამ მათი კონფისკაცია არ მომხდარა, რამაც იახტების შენახვის აუცილებლობა განაპირობა, ეს კი მფლობელების პასუხისმგებლობაა.

ბროკერების მონაცემებით, მაგალითად, 100 მეტრ სიგრძის იახტის შენახვისა და მომსახურების წლიური ხარჯი მისი ღირებულების, დაახლოებით, 10%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ