”2016 წლიდან შესაძლოა, რუბლი ალტინმა ჩაანაცვლოს”

რუსეთის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის ერთიანი ევრაზიული ვალუტის  განსაზღვრა დაავალა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებასა და ცენტრალურ ბანკს 1 სექტემბრამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის ერთიანი ევრაზიული ვალუტის შექმნის განსაზღვრა დაავალა. გასულ წელს ყაზახეთში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც 2025 წლისთვის ევრაზიული ცენტრალური ბანკისა და ბელორუსისთვის, რუსეთისა და ყაზახეთისთვის ერთიანი ვალუტის შექმნას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ცნობით, როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, ერთიანი ევრაზიული ვალუტის სამუშაო სახელი ალტინი იქნება. თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევრაზიულ ვალუტას ევრაზი დაერქმევა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ცენტრალური ბანკი კი, რომელიც ერთიან მონეტარულ პოლიტიკას უხელმძღვანელებს, ალმა-ათიში განთავსდება.

ანალიტიკური დეპარტამენტი ”ალპარის” დირექტორის ალექსანდრე რაზუვაევის განცხადებით, შესაძლოა, უკვე 2016 წლიდან რუბლი ალტინმა ჩაანაცვლოს. 2015 წლის 1 იანვრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირი საბაჟო კავშირის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა. კავშირი რუსეთს, ბელორუსს, ყაზახეთსა და სომხეთს აერთიანებს.