კალიფორნიამ ავტომობილებისთვის ელექტრონული სანომრე ნიშნები დააკანონა

კალიფორნიაში ავტომობილებზე ელექტრონული სანომრე ნიშნების გამოყენება ახალი კანონით ნებადართული გახდა. ინფორმაციას Day.Az ავრცელებს.

მანამდე შტატი ტრადიციულის ალტერნატიულ სანომრე ნიშნებს ექსპერიმენტის სახით ტესტავდა, თუმცა ახლა უკვე ეს ვარიანტი ყველა კალიფორნიელ მძღოლს შეუძლია გამოიყენოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკრანზე გამოსახულია არა მხოლოდ მანქანის სანომრე ნიშანი, არამედ მართვის მოწმობის ნომერიც, ხოლო მძღოლს საშუალება აქვს, რეგისტრაცია ავტომატურად განაახლოს. დღის პერიოდის შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, გამოსახულების ნათელი ან ბნელი რეჟიმი აირჩიოს და ნიშნები პერსონალიზებული ბანერებით დააყენოს.

კომპანია Reviver, რომელიც კალიფორნიის შტატში ელექტრონული სანომრე ნიშნების მიმწოდებელია, აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია არიზონისა და მიჩიგანის, ასევე, ტეხასის შტატებშიც გამოიყენება, თუმცა ჯერჯერობით კომერციული სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კომპანიის ცნობით, ციფრული სანომრე ნიშნების დანერგვას კიდევ ათი შტატი განიხილავს.

Reviver-ის პროდუქტი საპილოტე ტესტირების პროგრამის დროს კალიფორნიის, დაახლოებით, 10 000-მა მძღოლმა შეიძინა. მოელიან, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ელექტრონული ნომრები უკვე შტატში რეგისტრირებული ყველა, 36 მილიონი ავტომობილისთვის არის ხელმისაწვდომი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ