კახა კალაძის განცხადებით, დღეს კიდევ 218 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს კიდევ 218 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ვისაც დაუკანონებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პრობლემა აქვს, საკუთარი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.

„დაუკანონებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, რაც ძალიან კარგია. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო. სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს, ვაკის რაიონში 57 ოჯახს, ნაძალადევის რაიონში 26 ოჯახს, გლდანში 31 ოჯახს, საბურთალოს რაიონში 21-ს, ისანში 5 ოჯახს, ჩუღურეთის რაიონში ერთ ოჯახს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება იყოს. იმ გადაწყვეტილებით და რეფორმით, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ პროგრამის საშუალებით, მათ ეძლევათ საშუალება, ეს ქონება დაიკანონონ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ქონება არის უკვე გადაცემული და დაკანონებული იმ ოჯახებისთვის, ვინც ასეთ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ვისაც მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ყველანაირად დაგეხმარებიან“,-განაცხადა კალაძემ.