კომპანიები, რომლებიც მერიამ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ლარით დააჯარიმა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„მონიტორინგის შედეგად, გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. ერთი ობიექტი ისანში, ჭიჭინაძის ქუჩა N2ბ-ში მდებარეობს და მას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს დარღვევები. მეორე ობიექტიც ისნის რაიონშია, ახალუბნის ქუჩა N11-ში. მესამე კი, დიდ დიღომში, დოესის ქუჩა 22/5-ზე მიმდინარე მშენებლობაა. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, შეჩერების აქტი ჩაბარებულია დ სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელი კომპანიები ახორციელებენ სამუშაოებს აღნიშნულ ობიექტებზე. როგორც მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საუბარია, შემდეგ ბიზნეს სუბიექტებზე: შპს „კროიდონ დეველოპმენტი“, ინდ.მეწარმე ბალრაჯ ბიდური; შპს „მარი ნიკა“ და შპს „კოდი“.

რეესტრის მონაცემებით, შპს „კროიდონ დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელია ამირან მაისურაძე; შპს „მარი ნიკას“ 100%-იანი წილი გია ვარსიმაშვილის საკუთრებაშია, ხოლო შპს „კოდის“ 50-50%-იანი წილები ეკუთვნის პაატა კაპანაძესა და შპს „სფრინგ კონსტრაქშენს“. თავის მხრივ შპს „სფრინგ კონსტრაქშენის“ 100%-იანი წილი კი გიორგი ღვინიაშვილის საკუთრებაშია.

თაია არდოტელი