ინდონეზია მდიდარ ტურისტებს 10-წლიან ვიზებს სთავაზობს

ინდონეზიის ხელისუფლება, მდიდარი უცხოელების მისაზიდად, კუნძულ ბალიზე მრავალწლიანი ყოფნის შესაძლებლობას იძლევა. Bloomberg-ის ცნობით, ე.წ. მეორე სახლის ვიზა კუნძულზე 5 ან 10 წლით ცხოვრების უფლებას ანიჭებს მათ, ვისაც საბანკო ანგარიშებზე, მინიმუმ, 2 მლრდ ინდონეზიური რუპი, ანუ 130 000 დოლარი აქვს.

შესაბამისი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, რაც 60 დღის შემდეგ, კათოლიკური შობის წინა დღეს ამოქმედდება. ძირითადი აუდიტორია, ვის მიზიდვასაც ინდონეზია ახალი ვიზებით ცდილობს, მეწარმეები და პენსიონერი ტურისტები არიან, რომლებსაც ბალიზე დიდხანს დარჩენა და ქვეყანაში ბიზნესის კეთება სურთ.

ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროს იმიგრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიდოდო ეკატიაჰიანამ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Antara-ს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ, მსოფლიო მილიარდერებისა და დიდი ქონების მფლობელების მიზიდვის მიზნით, არაფისკალური სტიმულირების პოლიტიკა წამოიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკისა და ბალიზე ტურიზმის სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. სააგენტოს ცნობით, „მეორე სახლის ვიზის“ მქონე უცხოელებს ინდონეზიაში 5-10 წლით სამუშაოდ, ინვესტიციებისთვის და სხვა სახის საქმიანობისთვის დარჩენა შეუძლიათ. მასზე განაცხადის წარდგენა საიმიგრაციო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი, რასაც თან უნდა ერთვოდეს, მინიმუმ, 36-თვიანი მოქმედების ვადის მქონე პასპორტის ასლი, 2 მლრდ რუპიის ექვივალენტური თანხის ამსახველი საბანკო ანგარიში, ასევე, ფოტოები და პირადი მონაცემები. ვიზის გაფორმება უცხოელებს 3 მლნ რუპი (195 დოლარი) დაუჯდებათ.

2021 წელს ინდონეზიამ, ასევე, ე.წ. ციფრულ მომთაბარეებზე ვიზის გაცემის გეგმა გაასაჯაროვა, რომ კუნძულ ბალიზე დისტანციური მუშაობის პროფესიონალები მიეზიდა. Bloomberg-ის შეფასებით, „მეორე სახლის ვიზის“ ჩაშვება ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდას დაემთხვა, რაც ავიაკომპანიების, მათ შორის, Garuda Indonesia-ის მიერ საერთაშორისო ფრენების განახლებამ განაპირობა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ