ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელოს

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმში ერთი წლის წინ არალეგიტიმური და უკანონო რეფერენდუმი ჩატარდა, რის შედეგადაც მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის უკანონო მიერთება. "ევროკავშირი კვლავ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდამჭერად რჩება", - განაცხადა მოგერინიმ.

პარალელურად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინა მთელ თავის ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს.

ყირიმში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი გასული წლის 16 მარტს ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, რეფერენდუმზე მისულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინის შემადგენლობიდან გასვლას.