გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვის ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების უფროსი სამხრეთ კავკასიაში ლიდია ქრისტმანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპები დაინერგოს.

„ტყის ეროვნული აღრიცხვის ძირითადი მიზანია, ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე, დროის მცირე მონაკვეთში, ზუსტი ინფორმაციის მიღება. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% ტყით არის დაფარული და ამ მაჩვენებლებით შევდივართ ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ყველა ჩართული მხარის მიმართ, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, გერმანიის მთავრობასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

„დღეს წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველ ექსპერტს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ჩართულობისთვის“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების უფროსმა სამხრეთ კავკასიაში ლიდია ქრისტმანმა.

„საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა კიდევ უფრო უკეთესად დაიცავს საქართველოს ტყეებს. ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო დეპარტამენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და საქართველოსთან ერთად მრავალი წელია მუშაობს ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის მენეჯმენტზე, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და, ამავდროულად, სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად. პროგრამის ამოქმედების შედეგად, მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილებები ტყის მართვისა და ზოგადად, მიწის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული პროცესი 2015 წელს, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. 2017 წელს, სამინისტროსა და GIZ-ის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა და სამუშაოების ჩასატარებლად 5 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო.

ანგარიშის განხილვას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები.