G7 რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდა

7 უმდიდრესი ქვეყანა და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებულ ფასს დააწესებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნები სისრულეში მას შემდეგ მოიყვანენ, რაც დაასრულებენ საფასო ჭერის დაწესებაზე მუშაობას ამ თვის ბოლოს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

აშშ-სა და G7-ის ქვეყნები ბოლო კვირებია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე, რომელიც 5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, რაც მისცემს გარანტიას ევროკავშირსა და აშშ-ს, რომ მათ მიერ დაწესებული სანქციები ნამდვილად შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, ნავთობის გლობალურ ბაზარზე არეულობა შექმნას.

კოალიცია შეთანხმდა, რომ ფიქსირებული ფასი რეგულარულად გადაიხედება. მათი აზრით, ეს გაზრდის სტაბილურობას ბაზარზე და შეამცირებს წნეხს ვაჭრობის მონაწილეებზე. ფასის რომელიმე ინდექსზე მიბმამ, შესაძლოა, არასტაბილურობა და ფასის ხშირი ცვლილება გამოიწვიოს.

შეთანხმების მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მცურავი ფასის დაწესებით რუსეთი იხეირებს, რადგან მიწოდების შემცირებით ვლადიმერ პუტინს შეუძლია ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვიოს, ფიქსირებული ფასი კი მას ამ მექანიზმის გამოყენების საშუალებას არ მისცემს.

კახი ჩაკვეტაძე