„Sayōnara" იაპონურად ნიშნავს „მშვიდობით“ - Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტომობილების ბრენდი, Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს. კომპანიამ ორიგინალური განცხადება რუსულ სოციალურ ქსელ VK-ში გაავრცელა.

„Sayōnara" იაპონურად ნიშნავს „მშვიდობით.“ ჩვენ გვჯერა ნათელი მომავლის, ამიტომ გვისურვეთ იაპონურად, „itterashai,“ რაც ითარგმნება, როგორც „კარგი წასვლა და ისევ დაბრუნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

Infiniti-ს რუსეთში საკუთარი წარმოება არ ჰქონია და მოდელები სხვა ქვეყნებიდან შეჰქონდა. კომპანია რუსეთში კროსოვერებსა და ჯიპებს, QX50-ს, QX55-სა და QX80-ს ჰყიდდა. ამასთან, კომპანია მოდელ QX60-ის გაყიდვასაც გეგმავდა.

Infiniti-მ ახალი მანქანების მიწოდება რუსეთში ჯერ კიდევ 9 მარტს შეაჩერა და ხაზგასმით აცხადებდა, რომ რუს დილერებს ბრენდის საკმარისი მანქანები ჰყავდათ. კომპანია „სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს ეწევა და რუსეთში თავის ბიზნესზე სანქციების გავლენასა და ეფექტს აანალიზებს.“

„შესაბამისი განყოფილებები ამოწმებენ ყველა შემოსულ ინფორმაციას, ადაპტირებენ პროცესებს და წარმოშობილ საკითხებს ოპერატიულ რეჟიმში აგვარებენ,“ - ნათქვამია ავტომწარმოებლის განცხადებაში.

ევროპის ბიზნესასოციაციის მონაცემებით, აგვისტოში რუსეთში ავტომობილების გაყიდვები, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 62,4%-ით შემცირდა. ამასთან, რუსებმა 2022 წლის ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7%-ით ნაკლები მეორადი ავტომობილი შეიძინეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ