ფორმულა 1-ის მრბოლელის, მიხაელ შუმახერის Ferrari აუქციონზე გაიყიდება

Ferrari, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 2003 წლის სეზონზე ფორმულა 1-ის რბოლაში გამარჯვებას ხუთგზის მიაღწია, აუქციონზე ჟენევაში, მომავალ კვირას გაიყიდება. ამის შესახებ აუქციონის სახლმა, Sotheby's-მა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

გამყიდველების თქმით, წითელი Ferrari, „შასი 229" („Chassis 229“), რომლითაც გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი რბოლაში ცხრაჯერ მონაწილეობდა, 9,4 მლნ დოლარამდე ეღირება. Sotheby's-ში ამბობენ, რომ „ეს განსაკუთრებული ავტომობილია, რადგან ერთ-ერთია იმ ოთხი მანქანიდან, რომელმაც Ferrari-ის ისტორიაში ოთხზე მეტი გამარჯვება მოიპოვა.

„განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ მას თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრბოლელი, მიხაელ შუმახერი მართავდა,“ - აცხადებს RM Sotheby's-ის გაყიდვების დირექტორის აღმასრულებელი ასისტენტი, ვინსენტ ლუზუი.

მისი თქმით, სამიზნე ბაზარს წარმოადგენენ რბოლის მყიდველები, რადგან მანქანა „ტრასისთვის მზად არის,“ და ხელოვნების ნიმუშის კოლექციონერები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ