სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - ხალხი, რომელიც ქვეყანაში შემოდის ინფლაციასაც იწვევს, მათი გასვლით კი ინფლაცია შემცირდება

ხალხი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ინფლაციასაც იწვევს, მათი გასვლით კი ინფლაცია შემცირდება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ეროვნულ ბანკში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მიგრანტების შემოდინებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯეიმს ჯონმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე მიგრანტების გავლენა ამბის მხოლოდ ნაწილია და ქვეყანაში ტურიზმიც ვითარდება.

„ხალხის შემოდინება საქართველოში ნამდვილად ახდენს გავლენას სავალუტო მაჩვენებლებზე, რეზერვებზე და ა.შ. მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ძლიერი აღდგენა აქვს პანდემიის შემდეგ, 2022 წელს ეს ცხადი გახდა, სანამ ომი დაიწყებოდა იმ პოზიციასთან მიახლოების კუთხით, გაძლიერდა ტურიზმიც და ეს არის ომის გამო საქართველოში შემოსული ხალხის შედეგიც. ტურიზმი საკმაოდ კარგად მიიწევს წინ და შეიძლება ითქვას, რომ ომთან დაკავშირებული მიგრანტები და ფულის შემოდინება მხოლოდ ამბის ნაწილია და არა მთელი ამბავი. ამიტომ პროგნოზების მიზეზები რომ გავაანალიზეთ, მიგრანტებიდან და სავალუტო რესურსის შემოდინებიდან, გლობალური გარემოებებიდან და ა.შ. ყველაფერი განაპირობებს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს. გაურკვევლობის მასშტაბი, რაც არსებობდა, მისი პროგნოზი რთულია, განსაკუთრებით ომის პირობებში. ასევე იმის პროგნოზი რთულია, ხალხი როდის შემოვა და როდის გავა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დარგობრივი პოლიტიკის და რეაგირების კუთხით ხალხისა და ფინანსური რესურსის შემოდინება პოლიტიკასთან არის დაბალანსებული. ვალის დეფიციტი შემცირებულია, შესაბამისად, ხალხი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ინფლაციასაც იწვევს, მათი გასვლით კი ინფლაცია შემცირდება. ადგილობრივი ეფექტი ესეც იქნება, მაგრამ მკაცრი ფინანსური მონიტორინგის სულისკვეთების შენარჩუნება რეაგირების ადეკვატურობას უზრუნველყოფს. გაცვლითი კურსის და სავალუტო რეზერვების გაუმჯობესება პრინციპში იწვევს საქართველოს მთავრობის მედეგობის და ზოგადად, ქვეყნის მედეგობის გაუმჯობესებას. უკეთესი პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი მიმართულებით მოვლენების განვითარებასთან მიმართებით",- განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

ამავე საკითხზე საუბრისას მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებით, გარკვეული ცვლილებები მოხდება მიგრაციასთან და ფინანსური ნაკადების შემოდინებასთან დაკავშირებით, თუმცა გლობალური გარემო უცვლელი რჩება.

„სხვადასხვა ფაქტორის გამო ველით, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება მიგრაციასთან და ფინანსური ნაკადების შემოდინებასთან დაკავშირებით, თუმცა გლობალური გარემო უცვლელი რჩება. ფინანსური მდგომარეობაც გლობალურად ასეთი პროგნოზის ფარგლებშია. დაახლოებით, 4%-ის ფარგლებში იქნება ზრდა 2023 წელს, რაც შეეხება 2024 წელს, პოტენციური ზრდა იქნება დაახლოებით, 5%. გაურკვევლობები ძალიან მაღალია და რთულია რაიმეს თქმა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეგვიძლია ვნახოთ ახალი სამუშაო რესურსი, ახალი პროფესიონალები საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ ახლა ძალიან ადრეა ამის პროგნოზი“, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში 26 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა იყო.