ანტონიო გუტერეში - დრო იწურება - ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ

დრო იწურება. ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ბრძოლაში ვართ და ვმარცხდებით , - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ეგვიპტეში, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კაცობრიობამ უნდა "ითანამშრომლოს ან დაიღუპოს".

„ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ აქსელერატორზე გვაქვს მიბჯენილი. სათბურის აირების გამონაბოლქვი ზრდას განაგრძობს, გლობალური ტემპერატურა მატულობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც კლიმატურ ქაოსს შეუქცევადს გახდის“, - განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, გუტერეშმა დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და სხვა კონფლიქტებმა „დრამატული გავლენა“ მოახდინა მთელ მსოფლიოზე, მაგრამ „ჩვენ არ შეგვიძლია დავთანხმდეთ იმას, რომ ჩვენი ყურადღება ფოკუსირებული არაა კლიმატის ცვლილებაზე“.