თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო

თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ვაჭრობა ნაწილობრივად რუბლებში დაიწყო. უახლოეს თვეებში გარკვეულ ინტენსიფიკაციას დავინახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან არსებობს კონსენსუსი”, - თქვა დონმეზმა.

მისი თქმით, თურქეთში რუსული გაზის მოხმარების წილი 40%-ს შეადგენს. ენერგეტიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს ძლიერი გლობალური ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.

"მიზანია შევქმნათ გამჭვირვალე, უსაფრთხო ბაზრობა, სადაც ყველას შეეძლება მოგებაში დარჩეს. ამისთვის ვემზადებით. წლის ბოლომდე ჩვენს საგზაო რუკას შევადგენთ. შესაძლოა, იანვარ-თებერვალში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებით შევკრებთ როგორც მიმწოდებელ ქვეყნებს, ასევე მომხმარებელ ქვეყნებს, შევკრებთ აზრებსა და იდეებს, რომლებიც საჭიროა ასეთი ბაზრობის მუშაობისთვის”, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.