ლუქსემბურგში გაყინული რუსული აქტივების მთლიანი მოცულობა 5,5 მლრდ ევროს შეადგენს

ევროკავშირის სანქციების შედეგად ლუქსემბურგში გაყინული რუსული აქტივების მთლიანი ოდენობა 5,5 მლრდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა განაცხადა, რასაც RTL ავრცელებს.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ლუქსემბურგმა უკრაინას 72 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია, რაც ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 16%-ია.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით, თითქმის, 4,3 მლრდ ევროს აქტივები გაყინა. ეს მოიცავდა საბანკო დეპოზიტებსა და ფასიან ქაღალდებს, ასევე, ევროკავშირის სანქციების სიაში შეტანილ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც სავაჭრო რეესტრში აღმოჩნდნენ. დასახელდა 90-ზე მეტი პირი, ასევე, 1100-მდე კომპანია და ორგანიზაცია.

ლუქსემბურგი, სადაც 125 საერთაშორისო ბანკი მოქმედებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრია. ამასთან, ეროვნული ფინანსური სააგენტო LFF-ის მონაცემებით, ქვეყანა ევროპის საინვესტიციო ფონდთა ვაჭრობის უდიდეს ბაზარს წარმოადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ