„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში კორუფციული რისკების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში კორუფციული რისკების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, 2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა, 7 725 685 ლარად იყიდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოში“ განმარტავენ, რომ გასხვისებული მიწის 75 % (97 417 კვ.მ) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად[1], პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო.

„23-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან საჯარო უწყებაში მუშაობის პერიოდში, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ელექტრონული აუქციონით, ჯამში, 61 511 კვ.მ ფართობი იყიდეს, აქედან 57 658 კვ.მ (93.7%) 15-მა პირმა უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით მიიღო.

ასევე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ასევე, ბიზნეს პარტნიორებმა და შემწირველებმა, სულ 8 სუბიექტმა, ელექტრონული აუქციონით, 22 120 კვ.მ ფართობი იყიდეს. აქედან, 16 325 კვ.მ. (73.8%) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით.

ხოლო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა 8 კომპანიამ, ელექტრონული აუქციონით, ჯამში 46 144 კვ.მ. ფართობი იყიდა, მათ შორის 23 434 კვ.მ. (50.7%) უკონკურენტოდ გასხვისდა. რვავე კომპანიამ მიწები აბასთუმანში, 2018 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ შეიძინა, რაც აქ ბიძინა ივანიშვილმა სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დეტალური ანგარიში იხილეთ ბმულზე.