"ტრანსანატოლიის ბუნებრივ გაზსადენს" საძირკველი ჩაუყარეს

საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენეს მსოფლიოს, თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მოდელის შექმნა არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ქალაქ ყარსში, "ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" (TANAP) საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა.

მარგველაშვილის თქმით, "ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" პროექტი წარმატებული იქნება, რადგან სამ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები არსებობს.  "მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის შემადგენელი პროექტია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთის დერეფნის პროექტები რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარიან ინვესტიციას მოიცავს, საიდანაც მოსალოდნელია, რომ 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება საქართველოს დამატებითი გაზის მიწოდების შესაძლებლობასაც მოუტანს. პროექტის განხორციელების პერიოდში ქვეყანაში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, განხორციელდება ახალი მილსადენის მშენებლობა, დამატებით დაიტვირთება საქართველოს საპორტო და სარგინიგზო ინფრასტრუქტურა, ამავდროულად, წახალისდება პროექტის თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყანაში გაჩნდება ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთი მხრივ რეგიონის ქვეყნების, ხოლო მეორე მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გართულებული და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილია ენერგეტიკის პოლიტიკური გავლენის და ზეწოლის ბერკეტად გამოყენების საფრთხე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგევლაშვილის თქმით, საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის არსებული კარიბჭე, რომელიც საუკუნეების მანძილზე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. სახელმწიფოს მეთაურმა აქვე აღნიშნა, რომ კონტინენტის 14 ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნიდან რვა სწორედ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობს, თუმცა "წარმოუდგენელია რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის შენარჩუნება და განვითარება პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გარეშე”.

"ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას მნიშნელოვანწილად განაპირობებს "აბრეშუმის გზის" მიმართულება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ეკონომიკურ დერეფნად მიიჩნევა. "აბრეშუმის გზის" განვითარების ფაგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში. ქვეყნის შედარებით მცირე ზომიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მნიშნელოვნად ეფუძნებოდეს მსხვილ რეგიონალურ პროექტებს, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია მიმდინარე საერთაშორისო პროექტები. სამი ქვეყნის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ნავთობის, გაზის, ელენტროენერგიის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. ჩვენს მიერ განხორციელებულ წარმარტებულ პროექტებში აუცილებელია აღინიშნოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც ნავთობის კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია და "ბაქო-თბილისი-ერზურუმის" სახელწოდებით ცნობილი სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა "შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის" პროექტის ფარგლებში. პროექტი უზრუნველყოფს თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნას, ამასთან თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას. ცხადია პროექტი დამატებით უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას. სამი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოვახერხოთ, ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ნაკადების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება, გაუმჯობესება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის თურქეთი და აზერბაიჯანი პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია გასული წლის მონაცემების მიხედვით. ამავდროულად, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პოტენციალი კიდევ უფრო მეტია. მან ასევე აღნიშნა თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების დაინტერესება საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველ და მესამე ადგილს იკავებდნენ. "ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, თურქეთის და აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში კარგი საფუძველია კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების ინიცირების მიმართულებით. ცხადია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგეტიკული პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან სწორედ რეგიონის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირისათვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.