მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ, კანონი გამკაცრდება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ, კანონი გამკაცრდება, რაც სხვადასხვა ტიპის სანქციებს გაითვალისწინებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე გაფრთხილება იქნება, განმეორებით კი დაჯარიმება.

„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, კანონში შეგვაქვს გამკაცრებაც, რომელიც შეეხება დამრღვევების სხვადასხვა ტიპის სანქციებს. სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება რეფერენტული ფასების საკითხზე ქვეყნების შერჩევა, მინისტრმა განმარტა, რომ ახლა მიმდინარეობს ქვეყნების განსაზღვრა.

„4 ან 5 ქვეყანა გვექნება, საიდანაც ფასებს განვსაზღვრავთ. ეს ქვეყნები არის ეკონომიკების, მოსახლეობის რაოდენობის და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ეს არ არის ჩვენი მოგონილი კრიტერიუმები, გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს რეფერენტული ფასები დანერგეს. ზუსტად იმ გამოცდილებას ვითვალისწინებთ და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით მივყვებით. ამ ქვეყნების არჩევის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ 4 ან 5 ქვეყანა იქნება მაქსიმუმ“, - განაცხადა აზარაშვილმა.