ელბაქიძის დაღმართზე მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება

ელბაქიძის დაღმართზე ქვაფენილის ნაცვლად მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება.

როგორც თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ავთანდილ სუდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელბაქიძის დაღმართზე ქვაფენილი ამორტიზირებული იყო, იქ შეიცვალა საკომუნიკაციო ქსელი, რის გამოც საჭირო გახდა მთლიანად აღმართზე ქვაფენილის აყრა, ასევე აღადგინეს კედელი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, სუდაძე აცხადებს, რომ ქვაფენილი ნაკლული გამოვიდა. "ამ სამუშაოების შემდეგ მთლიანად ქვაფენილი ნაკლული გამოვიდა, რის გამოც იგივე სახის არ იქნებოდა, რაც არ უნდა ახალი მოგვეტანა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ელბაქიძის აღმართი უფრო მოდიფიცირებული, მდგრადი ასფალტით შეგვეცვალა, რომელიც უფრო მეტ გამავლობას უზრუნველყოფს და იქ მცხოვრებლებსაც მეტი ბენეფიტი ექნებათ", - აღნიშნა ავთანდილ სუდაძემ.

მისივე თქმით, მოდიფიცირებული ასფალტის დაგების შემდეგ აღნიშნულ აღმართზე აღარ იქნება მტვერი და ხმაური, ქვაფენილის კაპიტალურად შეცვლის შემთხვევაში უფრო მეტი სახსრები დასჭირდებოდათ, ვიდრე ეს მოდიფიცირებული ასფალტის დაგების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს. სუდაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისში პირველად გამოიყენებენ ასფალტის დაგების ამ ტექნოლოგიას, რის დანერგვასაც თბილისის ქუჩებში მომავალშიც გეგმავენ. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, ელბაქიძის დაღმართზე უკვე ყველა სამუშაო დასრულებულია, ასფალტის დაგებისათვის კი ჰაერის 15 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურა არის საჭირო. აკვირდებიან ამინდს და აღნიშნული ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ასფალტის დაგებაც მოხდება.