გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტყის მართვის ავსტრიულ მოდელს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური ტყის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ავსტრიის სამეურნეო ტყის ინფრასტრუქტურას და ტყის მართვის ავსტრიულ მოდელს გაეცნო.

„სატყეო სექტორის განვითარებისა და კანონაღსრულების ეფექტიანობისთვის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს ავსტრიასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალში არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ”,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა კარავანკენის გეოლოგიური პარკი დაათვალიერეს. ​

ვიზიტი პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.