ვინ ყიდის რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინოს და შამპანურს - ქართული კომპანიების Top-5

დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი საახალწლოდ ალკოჰოლური სასმლის დეფიციტის მოლოდინშია. ალტერნატიულ ბაზრებად საქართველო, სომხეთი და ინდოეთი განიხილება.

რთული სათქმელია, რა დოზით შეძლებს საქართველო 143 მლნ-იანი ბაზრის დაკმაყოფილებას, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე წელს, ალკოჰოლის ექსპორტი საგრძნობლად გაზრდილია.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ცქრიალა ღვინოების ექსპორტი ორჯერ გაიზარდა. 2021 წელს თუ რუსეთში 351 ათასი აშშ დოლარის ცქრიალა ღვინო გაიყიდა, მიმდინარე წელს ექსპორტმა 675.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქ ზრდა 92,5%-ს შეადგენს.

თითქმის 15%-იანი ზრდაა ნატურალური ღვინოების შემთხვევაში, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ - სექტემბერში საქართველოდან 108.7 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა, გასულ წელს კი, 94.6 მლნ აშშ დოლარის.

5 კომპანია, რომელსაც საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტი ყურძნის ცქრიალა ღვინო გააქვს:

  • სს ბაგრატიონი-1882 - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 96,82%-ს ფლობს ლუქსემბურგში დაფუძნებული და რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორეილ ინვესტი“, ხოლო 3,18% ეკუთვნის სხვა აქციონერებს.
  • სს ბადაგონი - კომპანის 2003 წელს დარეგისტრირდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 2018 წელს ის გადაკეთდა როგორც სააქციო საზოგადოება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, კომპანიის ერთადერთი აქციონერი იყო გიორგი სალაყაია.
  • სს თელავის ღვინის მარანი - სააქციო საზოგადოებად 1996 წელს დარეგისტრირდა. 2020 წლის მდგომარეობით, კომპანიის 49,95 % ეკუთვნის ზურაბ რამაზაშვილს, 49,95% - კახა ზუკაკიშვილს, ხოლო 0,10% სხვა აქციონერებს.
  • შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.
  • შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - წილის 100%-ს სააქციო საზოგადოება მარუსია (საქართველო) ფლობს.

5 კომპანია, რომელსაც საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო გააქვს:

  • შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
  • შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
  • შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - წილის 25.6%-ს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. 25.6% ეკუთვნის ,,ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტის წევრ ზაალ დუგლაძეს, რომლის წილის მმართველი დავით დუგლაძეა. დამოუკიდებლად ზუსტად იგივე მოცულობის წილს 25.6%-ს ფლობს დავით დუგლაძეც. 23%-ს კი, მალხაზ ყანჩაველს ეკუთვნის.

ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

ასევე ზრდაა ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების ნაწილშიც. 9 თვეში 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმლის ექსპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის - ზრდა 65%.

იხილეთ ასევე:

ბიძინა ივანიშვილის ძმა და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები - ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც რუსეთში სპირტიანი სასმელები გააქვთ

თამარ მუკბანიანი