მიხეილ მაჭავარიანი - დავით კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია - ბიძინა ივანიშვილს ეშინია ფულიანი ადამიანების

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია.

მისივე თქმით, კეზერაშვილს ბევრი უსამართლობა ბრალდება, რაც არ გაუკეთებია.

როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი არ დგას.

მისივე თქმით, ის რომ ქოლ-ცენტრები დავით კეზერაშვილთან ასოცირდება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის დამსახურებაა.

„დათო კეზერაშვილზე ბევრი უსამართლობა გამიგია. დათო ჩემი მეგობარია. მასზე არასდროს ვყოფილვარ ფინანსურად დამოკიდებული, მხოლოდ მეგობრულად ვარ დამოკიდებული. ამ ადამიანს ბევრი უსამართლობა ბრალდება, რაც არ გაუკეთებია. ბოლო ფაქტი, რომელიც ქოლ-ცენტრებს ეხება, დააბრალეს. საქართველოში ყველამ იცის, რომ ვერცერთი ქოლ-ცენტრი ვერ იმუშავებდა, თუ ძალოვნების „კურთხევა“ არ ექნებოდა. „ტრაფიკი“, რომელიც ქოლ-ცენტირდან გადის, მარტივი გამოსაჭერია.

არაფერი უჭირავთ ხელში, გარდა იმისა, რომ ოფისი, რომელსაც დათოს მეგობარი ფლობს, იჯარით ჰქონდა აღებული. იცით, ასეთი რამდენი ოფისი ჰქონდა ქალაქის ცენტრში? - მარტო თბილისის ცენტრში 8 ოფისი ვიცი, ვერას გარეუბნებში. არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ იდეოლოგიამ ისე ჩაუჭედა საზოგადოებას, რომ როგორც კი ქოლ-ცეტრის თემა წამოიჭრება, კეზერაშვილი ახსენდება”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ფულიანი ადამიანების ეშინია და მათი „განეიტრალება“ ურჩევნია.

„დათო კეზერაშვილის მიმართ დღეს განაჩენი არის ერთი. განაჩენი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. დათო კეზერაშვილი დღეს არის პოლიტიკური დევნილი. ამას მე არ ვამბობ, იმიტომ რომ მე მინდა ასე. მას საბუთში აქვს პოლიტიკური დევნილობის სტატუსი.

ბატონ ბიძინას ყოველთვის ეშინია ფულიანი ადამიანების. ვიცი, როგორი „თბილი“ ურთიერთობა ჰქონდათ ბადრი პატარკაციშვილს და ბიძინა ივანიშვილს. ისევე, როგორც კახა ბენდუქიძესთან, ასევე დათო იაკობაშვილთან. ივანიშვილს ყოველთვის ურჩევნია ფულიანი ადამიანები განეიტრალებულნი ან დემონიზირებულნი იყვნენ. ფულიანი ის უნდა იყოს მარტო და საქართველომ უნდა იდარდოს შვეიცარიულ ბანკში მისი ფულის საკითხი როგორ გადაწყდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.