ოქტომბერში, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული გაზის დანადგარი ჩახსნეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს. კომპანიის ცნობით, საუბარი ეხება ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.

კომპანიის განმარტებით, ამით ასეულობით ოჯახი CO-თი ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა.

ამასთან, „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთის და დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე te.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

„თბილისი ენერჯი“ ასევე ავრცელებს სტატისტიკას გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით თბილისის ყველაზე საშიში უბნების მიხედვით, სადაც პირველ ადგილზეა ისანი, სამგორი და ვაზისუბანია. კომპანიის განცხადებით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა.