ჩეხეთში დაქორწინებული წყვილები შესაძლოა, ერთგულების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დაფებით დააჯილდოვონ

ჩეხეთის სენატი დაქორწინებული ერთგული წყვილებისთვის სენატის ჯილდოს მინიჭების ინიციატივას განიხილავს, რომელიც სენატორ იტკა ჩალანკოვას ეკუთვნის. ინფორმაციას Seznam Zprávy ავრცელებს.

ჩალანკოვას ინიციატივას ჩეხეთის სენატის საოჯახო საკითხთა ქვეკომიტეტი ორ კვირაში განიხილავს. წინადადების თანახმად, დაქორწინებული წყვილები ათწლეულების განმავლობაში ერთად ცხოვრებისთვის დაჯილდოვდებიან.

„გვსურს, საზოგადოებას დადებითი სიგნალი გადავცეთ მაშინ, როცა განქორწინების მაჩვენებელი მაღალია და ცოტა წყვილი ქორწინდება. აუცილებელია, ხალხს ქორწინების სილამაზე დავანახოთ,“ - აცხადებს სენატორი.

მისი თქმით, ჯერ გარკვეული არ არის, თუ როგორ შეარჩევენ დაჯილდოების კანდიდატებს და როგორ „გადაამოწმებენ“ ქორწინების ერთგულებას. იტკა ჩალანკოვა სენატს სთავაზობს, რომ სამაგალითო წყვილები სხვადასხვა ორგანიზაციამ და მუნიციპალიტეტმა წარადგენოს.

მისი კოლეგა, სენატორი, დანიელა კოვარჟოვა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციური დეფინიციის აქტიური მხარდამჭერია, აცხადებს, რომ ერთგულების დასაჯილდოებლად რამდენიმე ტიპის მემორიალური დაფა უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, მისაბაძი მეუღლეები, რომლებიც ერთად არიან 70, 60 და 50 წლის განმავლობაში, ერთგულების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დაფებით უნდა დაჯილდოვდნენ. სენატის ქვეკომიტეტი ასეთ წყვილებს პატივს მიაგებს და მათ ცხოვრებისეულ ისტორიებს გამოაქვეყენებს.

„მეტად მნიშვნელოვანია, როცა ოფიციალური სახელმწიფო ორგანო მხარს დაუჭერს მათ, ვინც სამყაროს ოდნავ მაინც ნორმალურს ხდის,“ - ამბობს დანიელა კოვარჟოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ