პარლამენტმა მეორე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

76 - მომხრე, 6-წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ კანონის მეორე მოსმენით მიღების გადადება მოითხოვა. მათ მმართველ გუნდს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე მისი ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზეს და ამ მხრივ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაცია გაახსენეს.

ამ კონტექსტში ოპოზიციის მხრიდან აღინიშნა ისიც, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს თან არ ახლავს გამომდინარე საკანონმდებლო აქტები და სრული საკანონმდებლო პაკეტის არ არსებობის პირობებში მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის.

“ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არგუმენტები არ გაიზიარა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინამ მის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა, თუმცა კომისიისგან დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ. ოხანაშვილის თქმით, ისინი დაინტერესდებიან, თუ რატომ არ არსებობს ამ დრომდე დასკვნა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინულ კანონზე.