"ბევრი ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები,  ცდილობს ხელი შეუშალოს უფრო იაფად შემოსული მედიკამენტების დროულად რეგისტრირებას"

"ბევრი ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც შემოაქვს და აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები, ცდილობს ხელი შეუშალოს სხვა ბაზრებიდან უფრო იაფად შემოსული მედიკამენტების დროულად რეგისტრირებას",- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ბიუროკრატიული, ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, ბევრმა კომპანიამ უარი თქვა პარალელურ იმპორტზე.

"თურქეთის თემა - კარგია, როდესაც ადამიანს აქვს საშუალება იგივე წამალი უფრო იაფად შეიძინოს. ეს სწორია, მაგრამ რატომ არის მხოლოდ მცირე რაოდენობის მედიკამენტებზე, რა ბარიერებია მის შემოტანაზე, რატომ არის, რომ მარტო თურქეთიდან კი არა სხვა ქვეყნებიდან პარალელური იმპორტი ფერხდება დღეს და ბევრ კომპანიას უჭირს... ბევრმა შემომტანმა უარი თქვა ამაზე.

ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხელოვნურად ფერხდება და მე ვიცი, რომ სწორედ წამლის სააგენტოზე გავლენის გამო ფერხდება ეს. იმიტომ, რომ ბევრი ფარმაცევტული კომპანია, ვისაც შემოაქვს და აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები, ცდილობს ხელი შეუშალოს სხვა ბაზრებიდან უფრო იაფად შემოსული მედიკამენტების დროულად რეგისტრირებას, ადვილად შემოტანას, რამაც თავისი ეფექტი მოიტანა თავის დროზე და შემცირდა ფასები. მაგრამ, დღეს, ისევ უნდა ვაღიაროთ, რომ არის ბიუროკრატიული ხარვეზები, რომელსაც ალბათ, კომერციულის გარდა, კორუფციული ელემენტებიც აქვს. საჭიროა, ეს იყოს კვლევის საგანი ყოველთვის. როდესაც ვხედავთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს, საბაჟოზე ფერხდება, ან სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზის გამო, სწრაფად შემოტანა არ ხდება, როდესაც უარს ამბობენ და მცირდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, ვისაც შემოაქვსო პარალელურად და არ არის იმ კარტელზე დამოკიდებული, რომელიც დღეს ფასებს აკონტროლებს, ეს ყოველთვის უნდა იყოს განგაში საგანი",- განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ნინი ქეთელაური