იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ" ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ" ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის პრაქტიკული ასპექტები და, ამ კანონის თანახმად, 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება – ეს ძირითადი საკითხები იყო იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მსჯელობის საგანი.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, რომლებმაც მეწარმეებთან ერთად დეტალურად განიხილეს „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლეები და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ბიზნესისთვის საინტერესო სხვა საკითხები.

თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, „მეწარმეთა შესახებ" ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები და მრავალი საკითხი ახლებურადაა დარეგულირებული. საჯარო რეესტრში სამეწარმეო საკითხების რეგისტრაციის მიმართულებით ამ ახალ ნორმებზე მორგებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ყალიბდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს ახალი კანონის ნორმების ჯეროვნად აღსრულებაში.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმე სუბიექტებისთვის ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება დანერგა; შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის და ამარტივებს სარეგისტრაციო პროცესს; შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები", – აღნიშნაბ ტყეშელაშვილმა.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარესთან ერთად მან 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„გავაცანით მეწარმეებს სტატისტიკაც და ვთხოვეთ მეტი აქტიურობა ხელახალი რეგისტრაციის დროულად განხორციელების მიზნით. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი, თავის მხრივ, აქვს სრული მზაობა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელი შეუწყოს ბიზნესს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებაში", - განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია სარეგისტრაციო მიმართულებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.