შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული, - აღნიშნულ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ობიექტზე ინსპექტირების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ გამოიწვია.

„ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

სს „რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგინდა და სამუშაოები შეჩერდა 2022 წლის ივლისშიც.

მხოლოდ 2021 წელს, აღნიშნულმა უწყებამ ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს „რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით.

„რუსთავის აზოტში“ სრული ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.