ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაეცნო. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის დაგებას, ასევე კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. ობიექტზე ამჟამად ფერდობის დამუშავება, მიწის სამუშაოები, მიერთებებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

"პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალქალაქის ტერიტორიაზე იწყება და სოფელ მთიულთუბანში სრულდება. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, ახალციხეს, ნოსტესა და მთიულთუბანს ერთმანეთთან აკავშირებს", - განმარტავენ სამინისტროში.