24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შესული რუსეთის მოქალაქეებისთვის გერმანიის საელჩომ ვიზების გაცემა გაამარტივა

გერმანიის საელჩო საქართველოში შესული რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნულ ვიზებს (ტიპი D) გასცემს, რომლის დროსაც მათ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვისა და ცხოვრების ვადებზე დოკუმენტაციის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი წესი, რომელიც ოქტომბრიდან მოქმედებს, სამუშაო, ანუ IT სპეციალისტებისა და ოჯახის გაერთიანების ვიზებს შეეხება. ამ ვიზებს მხოლოდ ის რუსები მიიღებენ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ რუსეთში 24 თებერვლამდე, რის შემდეგაც ისინი საქართველოში გაემგზავრნენ.

ამასთან, პროექტ „კოვჩეგის“ დამფუძნებელი და იურისტი, ანასტასია ბურაკოვა Forbes-სთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მესამე ქვეყნებიდან რუსებს განაცხადის გაკეთება ჰუმანიტარულ ვიზებზეც შეუძლიათ. მათი მიღება, ასევე, ბინადრობის ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. თუმცა ჰუმანიტარული ვიზა კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებით გაიცემა: თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ქვეყნის საგარეო უწყება, რომელიც ჰუმანიტარულ ვიზას გასცემს, მოქალაქეებს აცნობებს, თუ რომელ საკონსულოში შეიძლება მისი მიღება.

ერთ-ერთი ასეთი არის გერმანიის საკონსულო თბილისში, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს პირადად, დამხმარე ორგანიზაციების გარეშე შეუძლიათ, მიმართონ. ბურაკოვას ცნობით, თბილისის საკონსულოს გარდა, გერმანია დოკუმენტებს იღებს ერევანში, სტამბულში და სხვა ქვეყნებში. მისი თქმით, რუსეთიდან წამოსულ პირებს მესამე ქვეყნებში ჰუმანიტარულ ვიზებზე პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც შეუძლიათ მიმართონ.

ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სტატისტიკის (Frontex) მიხედვით, იანვრიდან სექტემბრამდე ბლოკის ქვეყნებში 1,57 მილიონი რუსეთის მოქალაქე შევიდა. ამ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირში რეკორდული რაოდენობა, ანუ 308 700 მოქალაქე აგვისტოში შევიდა, შემდეგ მოდის სექტემბერი, როცა ეს მაჩვენებელი 263 700-ს, ხოლო ივლისში 252 600 მოქალაქეს შეადგენდა.

რუსული „ფეესბეს“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრამდე ევროკავშირის 27 ქვეყანაში რუსებმა 1,98 მილიონჯერ იმგზავრეს, რომლის 80,8%, ანუ 1,6 მილიონი მგზავრობა სახმელეთო მარშრუტს შეადგენდა. რუსები დასავლეთ ევროპაში ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის გავლით შედიოდნენ.

Frontex წერს, რომ მიმდინარე წლის სამ კვარტალში, იანვრიდან სექტემბრამდე, რუსების უმეტესობამ უცხო ქვეყანაში შესვლისთვის უვიზო და ადვილად მისაწვდომი ქვეყნები აირჩია, როგორიც არის საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და მონღოლეთი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ