ლისაბონელები მომავალი წლიდან ველოსპედებს უფასოდ დაიქირავებენ

მომავალი წლიდან ლისაბონის მცხოვრებლები საქალაქო გაქირავების სისტემით ველოსიპედებით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

იანვრიდან სერვისი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის, მოგვიანებით კი უფასო ველოსიპედით პორტუგალიის დედაქალაქის ყველა მცხოვრები ისარგებლებს. უფასო გაქირავების ორგანიზებისთვის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების გამონაბოლქვში ავტომობილების წილი 72%-ს შეადგენს. ევროპაში ადამიანების წასახალისებლად სხვადასხვა გზას ეძებენ, რომ არაეკოლოგიურ საწვავზე მომუშავე მანქანები ნაკლებად გამოიყენონ. მაგალითად, საფრანგეთმა სექტემბერში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ელექტროველოსიპედის შესაძენად მთავრობა მოქალაქეზე 4000 ევროს გასცემს, ხოლო ესპანეთში ელექტრომატარებლებით მგზავრობა უფასო გახადეს, რომლის ვადაც გასულ თვეში მომავალი წლის ბოლომდე გააგრძელეს.

ამასთან, „ევროპულსი“ ახლახან წერდა, რომ ავსტრიის დედაქალაქ ვენის მერიამ 3000 ველოსიპედი შეიძინა და მათი გაქირავების 200-ზე მეტი პუნქტი მოაწყო. ამით ველოგაქირავება ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში შევიდა, ხოლო მოქალაქეებს ველოსიპედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სახეობად სთავაზობენ. ქალაქის ერთიანი საშვით ველოსიპედით ნახევარსაათიანი მგზავრობა 30 ევროცენტი, ხოლო სამგზავრო ბარათის გარეშე 60 ევროცენტი ღირს.

არაეკოლოგიური მანქანებისგან თავის დაღწევა საერთოევროპულ მიზანს ემსახურება, რომ 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტი იქნეს მიღწეული. ამ დროისთვის ევროპაში აღარ უნდა არსებობდეს იმაზე მეტი სითბური აირი, რისი შთანთქმაც ბუნებას, მათ შორის, მაგალითად, ხეებს შეუძლია. ამის შედეგად სითბური გაზები პლანეტაზე ატმოსფეროს ვეღარ „გაათბობს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ