სანქციების აცილება ევროკავშირის დანაშაულთა სიაში შევა და აქტივების კონფისკაციით დაისჯება

ევროკავშირი იმ აქტივების კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს, რომლის მფლობელებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აცილებას ცდილობენ. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რასაც Irish Times ავრცელებს.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში ევროკომისია გამოსცემს დირექტივას, რომელიც აქტივების არამარტო გაყინვის, არამედ კონფისკაციის საშუალებას იძლევა, ხოლო სანქციების აცილება ევროკავშირის დანაშაულთა სიაში მოხვდება. ეს საკითხი ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის ყურადღების ცენტრში მოექცევა. რეინდერსი ამბობს, რომ „ევროკომისია მზად არის, რაც შეიძლება, მალე შეუდგეს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას.“ თავად საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება.

ევროკომისრის ცნობით, სანქციათა აცილების კრიმინალიზაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს აქტივების კონფისკაციას განაპირობებს და იმ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, როცა ოლიგარქები საკუთრებას ოჯახის წევრზე ან რთულ იურიდიულ სტრუქტურაზე აფორმებენ.

„თუ კონფისკაციას მივაღწევთ, ამ ფულის უკრაინელი ხალხისთვის დაბრუნებას შევძლებთ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ,“ - აცხადებს რეინდერსი.

ამასთან, რეინდერსის ცნობით, ევროკავშირი სწავლობს, შესაძლებელია თუ არა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული რეზერვები, რომელიც ევროპაში, დაახლოებით, 30 მლრდ ევროს შეადგენს, გამოყენებულ იქნეს „გარანტიად,“ რაც რუსეთს აიძულებს, უკრაინის მომავალი რეკონსტრუქციის საფასური გადაიხადოს.

„ასეთი აგრესიის შემდეგ სავსებით ლოგიკურია, რომ ქვეყნის აღდგენის დაფინანსების ნაწილი რუსეთიდან მომდიდნარეობდეს და ეს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გასაკეთებელი არ უნდა იყოს,“ - აცხადებს ევროკომისარი.

ახლახან Politico წერდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ევროკავშირმა 68 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები, რომლებმაც სანქციების შედეგად რუსული აქტივები გაყინეს:

  • ბელგია - 3,5 მლრდ ევრო
  • ლუქსემბურგი - დაახლოებით ,2,5 მლრდ ევრო
  • იტალია - 2,3 მლრდ ევრო
  • გერმანია - 2,2 მლრდ ევრო
  • ავსტრია - 1,8 მლრდ ევრო
  • ირლანდია - ასევე, 1,8 მლრდ ევრო
  • საფრანგეთი - 1,3 მლრდ ევრო
  • ესპანეთი - 1 მლრდ ევროზე მეტი

აღსანიშნავაია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინულ თანხებს შორის დიდი შეუსაბამობაა. მაგალითად, უნგრეთმა მხოლოდ 3000 ევროს რუსული აქტივები გაყინა.

გაყინული აქტივები ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ 1239 ფიზიკურ პირს და 116 კომპანიას ეკუთვნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ