უკრაინის მასშტაბით 3,8 ათასი ბანკომატი მუშაობს

უკრაინაში მასიური სარაკეტო დარტყმებისა და ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში 1,5 ათასზე მეტი ბანკის ფილიალი და 3,8 ათასი ბანკომატი მუშაობას მაინც განაგრძობს. შემოდგომის დასაწყისისთვის უკრაინაში მოქმედი ბანკომატების საერთო რაოდენობა 28,2 ათასი იყო. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ეროვნულმა ბანკმა Telegram-არხზე გამოაქვეყნა, რასაც პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

მარეგულირებლის თქმით, ელექტრონული გადახდის სისტემა შეუფერხებლად მუშაობს, ხოლო ამ სისტემასთან დაკავშირებული უკრაინული ბანკები ანგარიშსწორებას შეუფერხებლად ახორციელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადახდის ბარათების მომსახურება გრძელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეებს სახსრებზე წვდომა ბანკომატებისა და ბანკის ფილიალების სალაროს მეშვეობით აქვთ.

უკრაინის ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მზად არის, ბანკებს საჭიროების შემთხვევაში ნაღდი ფული ოპერატიულად მიაწოდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ